English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ეთერ ხარაიშვილი
ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები და პერსპექტივები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში

ჟურნალი N 3.2023

სტატიაში დასაბუთებულია ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების აუცილებლობა საქართველოს აგროსასურსათო სექტორში. სექტორის თავისებურებების გათვალისწინებით შეფასებულია გაციფრულების მნიშვნელობა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
ბიბლიოგრაფიული კვლევით შესწავლილია ციფრული ტრანსფორმაციის დონე სხვადასხვა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორში, შეფასებულია მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები გაციფრულების კონცეფციის შესახებ.
დასაბუთებულია, რომ გაციფრულება განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის მრავალი ინდუსტრიისთვის, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია აგროსასურსათო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა და პროდუქტიულობის ამაღლება.
ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია ციფრული ტრანსფორმაციის გავლენის
პირველადი სფეროები, გაკეთებულია დასკვნა, რომ გაციფრულების პროცესი საწარმოს დონეზე უნდა დაიწყოს.
ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებით სექციების მიხედვით. მაიდენტიფიცირებელი სექციის მიხედვით შესწავლილია რესპონდენტთა განაწილება სქესის, ასაკის, პროფესიული, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და რეგიონებში განაწილების მიხედვით, კომპეტენციის სექციის მიხედვით რესპონდენტები გამოკითხულია სტაჟის, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის, ციფრული უნარების ფლობის დონის მიხედვით; პრაქტიკულ სექციაში მოცემული კითხვები საჭიროებდა გამოცდილებაზე დაფუძნებულ პასუხებს, კერძოდ, განსაზღვრულია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდი და მიზნები, გამოყენებული აპლიკაციები და სერვისები; შეფასებითი სექციით დადგენილია ციფრული განხეთქილების დონე, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას არსებული ბარიერები, შეფასებულია სახელმწიფოს როლი აგროსასურსათო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, გამოვლენილია სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებები, დადგენილია ციფრული ტრანსფორმაციიდან მიღებული სარგებელი.
ნაშრომი ეყრდნობა კვლევის სხვადასხვა თეორიულ-მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტს: ჩატარებულია ბიბლიოგრაფიული კვლევა, გამოყენებულია ანალიზის, სინთეზის, შედარების, ექსპერტული, მატრიცული, ფაქტორული და სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი. ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა.
სტატიაში წარმოდგენილია დასკვნები ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების თავისებურებებსა და არსებულ გამოწვევებზე, შემოთავაზებულია რეკომენდაციები გაციფრულების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე.
საკვანძო სიტყვები: ციფრული ტრანსფორმაცია, გაციფრულების ტენდენცია, აგროსასურსათო სექტორი, გაციფრულების განვითარების პერსპექტივა.

შესავალი


მსოფლიო ეკონომიკა სწრაფ ტრანსფორმაციას განიცდის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, ბიზნესის ყველა სფეროში სწრაფი ტემპით ვითარდება ციფრული პლატფორმები და სერვისები. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, თავის მხრივ, წარმოების განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენს. ამასთან, ციფრულ ინფორმაციებზე წვდომა, მისი დამუშავება და ეფექტიანი გამოყენება ფირმების კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი გარდაუვალია ბიზნესის ნებისმიერი სახეობისთვის და მისი განხორციელება დღეს ფირმების საქმიანობის აუცილებელი ინსტრუმენტი იქნება.
თანამედროვე აგროსასურსათო სექტორიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში მომდინარე პროცესების, განსაკუთრებით მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდისა და მომხმარებელთა სურსათზე მოთხოვნის პრეფერენციებში განსხვავებების გამო. ამ ფონზე აქტუალურია აგროსასურსათო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.
ჭკვიანი სოფლის მეურნეობის ბაზრის მოცულობამ 2015 წელს გლობალურად 13,7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამ ბაზრის მოცულობა 2023 წელს 16,2 მლრდ აშშ დოლარი იქნება, ხოლო 2028 წლისთვის 25,4 მლრდ აშშ დოლარი (Smart Agriculture Market, 2023).
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აგროსასურსათო სექტორში ციფრული ტრანსფორმაცია, სხვა სექტორებთან შედარებით, რთულია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ციფრული ტრანსფორმაციის თავისებურებებისა და ტენდენციების შეფასება საქართველოს აგროსასურსათო სექტორში, ამ სფეროში არსებული უცხოური გამოცდილების გაზიარება, გაციფრულების პროცესში არსებული ბარიერების გამოვლენა და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების შეფასება საქართველოს აგროსასურსათო სექტორში და გაციფრულების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია

ნაშრომში გამოყენებულია კვლევის სხვადასხვა თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, კერძოდ, ბიბლიოგრაფიული კვლევა, ანალიზის, სინთეზის, შედარების, ექსპერტული, მატრიცული, ფაქტორული და სხვადასხვა სტატისტიკური ანალიზის მეთოდი, რაოდენობრივი კვლევა. საკვლევ ბაზად გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეგისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის, ,,მეთხილე ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრის“, ,,აწარმოე ქართულის“, ,,საქართველოს ნობათის“ ბაზები.
შესწავლილია შესაბამისი ორგანიზაციების ანგარიშები, სამეცნიერო ელექტრონულ პორტალებზე განთავსებული მასალები, სტატისტიკური ინტერნეტ-რესურსები.

მასალები და დისკუსია

სამყარო მუდმივი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პროცესშია. მოსახლეობის სწრაფი ტემპით მატებამ, სურსათზე მოთხოვნის ზრდამ და ცვლილებებმა პრეფერენციებში, ტექნიკურმა განვითარებამ, პროგრესულმა ტექნოლოგიებმა, გლობალიზაციამ, ურბანიზაციამ და სხვა ფაქტორებმა ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარა.
მრავალმა ინსტიტუტმა, ორგანიზაციამ და უნივერსიტეტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო კვლევა სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაციის პრობლემებზე. კვლევების შედეგად, სხვა კონცეპტუალურ საკითხთან ერთად, განსხვავებული მოსაზრებები წარმოიშვა ცნებებისა და განმარტებების შესახებ. ნაშრომებში გაჩნდა ახალი ტერმინები „ციფრული სოფლის მეურნეობა“, „ზუსტი სოფლის მეურნეობა“, „ზუსტი მეურნეობა“, „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ „ჭკვიანი ფერმერობა“. სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხების განხილვის დროს ეს ტერმინები ზოგჯერ განცალკევებულად, ზოგჯერ კი ერთდროულად, ორი ან სამი განსხვავებული ტერმინის სახით, არის გამოყენებული (Blok V. & Gremmen B., 2018; Rose D. CH. & Chilvers J., 2018; Gondchawar N. & Kawitkar B., 2016; Kırkaya A., 2020; Zhang A., Heath R., McRobert K., Llewellyn R., Sanderson J., Wiseman L., Rainbow R., 2021).
მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზნის - „ნულოვანი შიმშილის სამყაროს“ მისაღწევად საჭიროა უფრო პროდუქტიული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე სასურსათო სისტემების შექმნა (FAO, 2017). ამ მიზნის მიღწევაში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ქმნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დღეს გასცდა ე.წ „გაციფრულების“ არსს, რადგან ამ ტერმინში უკვე მოიაზრება არა მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიები, არამედ განიხილება სოციალურ-კულტურული პროცესები, ინოვაციური ცვლილებები ორგანიზაციულ და თანამშრომლობით ურთიერთობებში (Hasiholan Tobing R. D. and others, 2023).
აგროსასურსათო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარებს ფერმერების ინტეგრაციის მართვას (USAID, 2018). ციფრიზაცია შეცვლის აგროსასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურას და უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან მართვას, ოპტიმალური და პერსონალური გახდება პროდუქტების სახეობების მიხედვით წარმოება და მიწოდება, მყისიერად ხელმისაწვდომი გახდება მონაცემთა ბაზები, გაადვილდება მდგრადი განვითარების პროგნოზირება. შეიქმნება სურსათის წარმოების, შენახვისა და მიწოდების ერთიანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. ციფრული სისტემების საშუალებით შესაძლებელი გახდება კლიმატის ცვლილებებთან თავსებადი გადაწყვეტილებების მიღება (Trendov and others, 2019). საბოლოოდ, ყველა ეს პროცესი გამოიწვევს მაღალ პროდუქტიულობას, მომგებიანობას, მდგრადობას, სასურსათო უსაფრთხოებასა და სურსათის უვნებლობას.
ციფრული ტრანსფორმაცია არღვევს საზღვრებს ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს შორის (Lyytinen K., Yoo Y., R.J. Boland Jr., 2015) და განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის. აგროსასურსათო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ამ საკითხების შესაფასებლად დღეს სხვადასხვა წყაროს, მათ შორის Twitter-ის მონაცემებს იყენებენ (Ancín M., Pindado E., S´anchez M., 2022). შეიძლება ითქვას, რომ აგროსასურსათო სექტორის გაციფრულების საკითხები აქტიურად განიხილება Twitter-ში როგორც ფერმერების, ასევე, ინდუსტრიის წარმომადგენლების, მომხმარებლების, აკადემიური წრეებისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაცია საკმარისი არ არის არსებითი ტექნოლოგიური გარდაქმნებისთვის. მაშინ როდესაც სწორედ ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით არის შესაძლებელი სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა და პროდუქტიულობის გაძლიერება (Varda AG, 2023). კვლევებით დასტურდება, რომ განვითარებადი ქვეყნების ფერმერულ მეურნეობათა მნიშვნელოვანი სეგმენტი ჯერ კიდევ არ იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზეზის გამო (Khanna M., 2020).
აღსანიშნავია, რომ მეურნეობათა ციფრული ტრანსფორმაციის პრობლემებს იკვლევენ როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეზე. მაკროდონეზე უპირატესად წარმოდგენილია ციფრული ეკონომიკისა და მართვის განვითარების პრინციპების, კონცეფციებისა და თავისებურებების კვლევა, ხოლო მიკროდონეზე კომპანიების ციფრული ეკონომიკური ურთიერთობის ფუნქციონირების მექანიზმები (ჯოლია გ., 2021).
ციფრული ტრანსფორმაცია რთული პროცესია, რომლის დაჩქარებაში დიდი როლი შეასრულა COVID-19-ის პროცესებმა და რეგულაციებმა. ზოგადად, აგროსასურსათო სექტორი მყიფეა კრიზისებისადმი (ხარაიშვილი ე., ნაცვლიშვილი ი., 2019), პანდემიამ კი განსაკუთრებული გავლენა მოახდინა აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის მაჩვენებლებზე (ხარაიშვილი ე., ლობჟანიძე ნ., 2022), გამოიკვეთა ვაჭრობის განვითარების შესაძლო სცენარები და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა (Kharaishvili E., Lobzhanidze N., 2022).
როგორც კვლევებმა დაადასტურა, ციფრული ტრანსფორმაციის გავლენის პირველადი სფეროებია: საზოგადოება, კორპორატიული გარემო, კადრები, მენეჯმენტი, საოპერაციო საქმიანობა. გაციფრულების პროცესის განხორციელება სწორედ საწარმოს დონეზე უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის შეფერხებას და ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბიზნესზე (Hardi K. V., Legowo N., 2023).
მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) განმასხვავებელი მახასიათებლები აქვთ დიდ კომპანიებთან შედარებით, რაც ციფრულ ტრანსფორმაციაშიც აისახება (Chen Y.-Y.K., Jaw Y.-L., Wu B.-L., 2016). გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მცირე და საშუალო საწარმოები ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის დროს, რადგან მათ ნაკლები ხელმისაწვდომობა გააჩნდათ ციფრულ პლატფორმებზე. გაციფრულების დაბალმა დონემ გამოიწვია გრძელვადიანი ლიკვიდურობის პრობლემები და გავლენა მოახდინა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე (Rodrigues M., Franco M., Sousa N., Silva R., 2021).
ციფრული ტექნოლოგიები წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოების ეფექტიანობის ასამაღლებლად, ასევე, ახალი პროდუქტების შექმნის, მენეჯმენტის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მომხმარებელთა მოზიდვისათვის. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად საკვანძო საკითხია თანმიმდევრული და გრძელვადიანი ციფრული სტრატეგიის შემუშავება (European Union, 2018). ეფექტიანობის ზრდასთან ერთად ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია სამუშაო პროცესებისა და თანამშრომლობის გამარტივება, ახალი ბაზრების გამოვლენა. მეცნიერები აკეთებენ დასკვნას, რომ ციფრული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს უაღრესად მომგებიანი ეკონომიკური ზრდის სტრატეგია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (Whyatt T., 2022). მცირე და საშუალო ბიზნესს წარმატებით შეუძლია მოწინავე ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება სხვადასხვა მიზნის მისაღწევად (OECD, 2021).
ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო საწარმოებს ელექტრონული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც აძლევს, შესაბამისად, ბოლო წლებში ინტენსიურად იზრდება მათი ჩართულობა სოციალურ ქსელებში (McKinsey&Company, 2018).
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია მთავრობებს. მეცნიერები ასაბუთებენ, რომ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პროცესის განვითარების ხელშეწყობა შესაბამისი პოლიტიკის დღის წესრიგით (ABANMAI O., 2022). სურსათის სატრანსპორტო გადაზიდვების პოლიტიკასაც ამ თვალსაზრისით უნდა აფასებდნენ (Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M., Natsvlishvili I., 2021).
აგროსასურსათო სექტორში სურსათის მიმწოდებლების წინაშე მრავალი გამოწვევაა, მათ შორის აღსანიშნავია მუდმივად მზარდი კონკურენცია, დერეგულაციის პრობლემები, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის დაბალი დონე და სხვა. ამ ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა მომხმარებლებზე მორგებული სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. ინტენსიური კონკურენციის გამო საჭირო გახდა მომხმარებელთა შენარჩუნებაზე მიმართული სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ფუნდამენტურია ციფრული ტექნოლოგიები. დღეს ნებისმიერი საწარმო ლოიალურ მომხმარებელთა სეგმენტზეა ორიენტირებული, რადგან მომხმარებელთა აღნიშნული კატეგორია უფრო მეტად ახდენს გრძელვადიან მოგებაზე ფოკუსირებას და ირჩევს მწარმოებელთან თანამშრომლობითი ურთიერთობის შენარჩუნების გზას. ეს პროცესი ორმხრივად მომგებიანია პარტნიორებისათვის და ამ პროცესში გადამწყვეტია ციფრიზაცია (Mujianto M., Hartoyo H., Nurmalina R., Yusuf E. Z., 2023).
დღეს სურსათის ინდუსტრიის გლობალური გამოწვევაა მოსახლეობის ზრდადი მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათო პროდუქტებზე. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების აუცილებლობა (Satpathy B., 2022), მდგრადი განვითარების ძირითადი გამოწვევებისა და სტიმულირების შესაძლებლობების გამოვლენა (Kharaishvili E., Lobzhanidze N., 2023). ამ თვალსაზრისით ციფრული ტრანსფორმაცია განიხილება, როგორც აგროსასურსათო სექტორის პერსპექტიული და მდგრადი განვითარების შესაძლებლობა (Martens K., Zscheischler J., 2022). ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ ლიდერებს ციფრული ეკონომიკის ინსტრუმენტების გამოყენების მხრივ, როგორც წესი, გამოირჩევიან მაღალი კონკურენტუნარიანობით და მდგრადი განვითარებით.
ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ე.წ „ცოდნის უფსკრულის“ დაძლევა. აღნიშნული მიმართულებით, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომის გაუმჯობესება ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, შესაბამის ტრენინგებსა და ინფორმაციებზე (World Economic Forum, 2022).
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკაში შექმნილი ახალი ფასეულობები დამყარებული იქნება ბიზნესმოდელების ციფრულ პლატფორმაზე (EFAA, 2021). ციფრული ეკონომიკის ფორმირება იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს როგორც თანამედროვე ბიზნესის სამყაროს ლიდერების, ასევე, მთლიანად ქვეყნების კონკურენტუნარიანობის დონეს (სამჭკუაშვილი ნ., 2020).
ციფრული ტრანსფორმაციის განვითარებაში მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელების გზით უნივერსიტეტების თანამშრომლობა ციფრული ტრანსფორმაციების პრობლემების კვლევებში. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში სოფლის მეურნეობისა და სურსათის ტექნოლოგიებში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ,,Agrifood“ პლატფორმა, რომელიც შეიქმნა რვა წამყვანი უნივერსიტეტის (ნიუკასლის, ლანკასტერის, მანჩესტერის, დარემის, ლივერპულის, იორკის, ლიდსის და შეფილდის) მიერ. აღნიშნულ პლატფორმაზე 450-ზე მეტი მკვლევარი და 150-ზე მეტი დოქტორანტი მუშაობს 269 მლნ ფუნტი სტერლინგის ფონდით. პლატფორმა ემსახურება 40-ზე მეტ დაწესებულებას, პლატფორმაზე ჩატარებული კვლევების ძირითადი სფეროებია მდგრადი აგროსასურსათო წარმოება, სურსათის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვი, სურსათის უვნებლობა და სხვა. კვლევები ფოკუსირებულია ზუსტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის 4.0 ტექნოლოგიებზე (Demiryurek K., Köksal O., Kawamorita H., 2021).
საქართველოს აგროსასურსათო ციფრული ტრანსფორმაციის პრობლემების გამოსავლენად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, 2023 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. გამოიკითხა 466 რესპონდენტი Google Form ონლაინ კითხვარის საშუალებით.
რესპონდენტებისთვის შეთავაზებული იყო მრავალვარიანტული, ალტერნატიული და სკალაზე დაფუძნებული კითხვები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ სექციებს: მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებითი. ამასთან, ორი ღია, სადისკუსიო კითხვა იყო.
კვლევისათვის თავდაპირველად განისაზღვრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა გენერალური ერთობლიობა 2337 რესპონდენტით. მათგან აქტიური აღმოჩნდა 2108, შესაბამისად, გამოკითხვისათვის შეირჩა მოცემული რაოდენობა (საქსტატი, 2023).
გენერალური ერთობლიობიდან, გამოკითხვისთვის არჩეულია რეპრეზენტატული რაოდენობა - 466 რესპონდენტი. მოცემული რაოდენობა აკმაყოფილებს მოცულობის შერჩევის მეთოდოლოგიას (John Wiley & Sons, 1977. Copyright William G. Cochran, 1963). აღნიშნული მეთოდოლოგიით კვლევის შედეგების სანდოობის დონემ შეადგინა 95%, შერჩევის ცდომილებაა 3%.
შერჩევის მოცულობა გადამოწმდა ნიუმანის მეთოდოლოგიით. აღმოჩნდა, რომ კვლევის გენერალური ერთობლიობა - 2108 რესპონდენტი - აკმაყოფილებს შერჩევისთვის საშუალო ზომის კრიტერიუმს (1000-დან 10000-მდე რესპონდენტი, შერჩევის წილით 10%; Pearson Education Limited (W. Lawrence Neuman), 2014). შესაბამისად, საკმარისი იქნებოდა 211 რესპონდენტის გამოკითხვაც 4%-იანი ცდომილებით. რეალურად, კვლევამ მოიცვა 466 რესპონდენტი, შერჩევის წილით 22,1%. აღნიშნულმა გამოიწვია ცდომილების შემცირება 3%-მდე.
მიღებული შედეგები დამუშავდა სტატისტიკური ანალიზის მეთოდებით. შეჯამებული მონაცემები გამოყენებულია დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
როგორც აღინიშნა, კითხვარი მოიცავდა მაიდენტიფიცირებელ, კომპეტენციების, პრაქტიკულ და შეფასებით სექციებს.
მაიდენტიფიცირებელი სექციის მიხედვით გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 61,4% ქალია, ხოლო 38,6% მამაკაცი, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით ნახევარზე მეტი (52.0%) 18-დან 39 ლამდე ასაკისაა, 29.2% 50 წელზე მეტი, ხოლო 18.9%-ის ასაკი 40-დან 49 წლის ასაკამდე მერყეობს (იხ. დიაგრამა 1).

წყარო: ყველა დიაგრამა და სქემა აგებულია კითხვარის შედეგების მიხედვით Datawrapper-ის პროგრამის საფუძველზე
აღსანიშნავია, რომ სოფლის აგროსასურსათო სექტორში ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებია პროფესიული განათლების მქონე მწარმოებლები. მათმა წილმა გამოკითხულთა მთლიან რაოდენობაში 12% შეადგინა, უმაღლესი განათლების მქონეა - 67,8%, ხოლო საშუალო განათლებისაა - 20,2%
გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობამ რეგიონების მიხედვით შეადგინა: ქვემო ქართლში გამოიკითხა შერჩეულ რესპონდენტთა რაოდენობის - 21%, კახეთში - 18,9%, თბილისში - 11,6%, იმერეთში - 9,9%, გურიაში - 9%, სამცხე-ჯავახეთში - 7,7%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7,3%, შიდა ქართლში - 6,4%, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3%, აჭარაში- 3%, მცხეთა-მთიანეთში - 2,1% (იხ. რუკა).

გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით, %

კომპეტენციის სექციის მიხედვით, უპირველესად, გამოვლინდა გამოცდილება სტაჟის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ერთ წლამდე მუშაობის სტაჟი აქვს გამოკითხულთა 23,2%-ს, 1-დან 5-წლამდე - 22,7%-ს, 5 და მეტი წლის სტაჟი - 54,1%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ მემცენარეობის დარგში დასაქმებულია გამოკითხულთა 52,4%, მეცხოველეობაში - 9,4%, ხოლო ორივე დარგს მისდევს გამოკითხულთა 38,2%. გამოკითხვით, ასევე, დადგინდა, რომ მცირემიწიანობა და ნაკვეთების წვრილკონტურიანობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება. გამოკითხულთა უმეტესობა (28,3%) 0-0,5 ჰა-მდე მიწის ფართობს ფლობს, ასევე, დიდია 0,5-1 ჰა-მდე მიწის მფლობელთა წილი (24,9%). გამოკითხულთა დაახლოებით 27% ფლობს 1-1,5 ჰა და მეტ მიწის ფართობს (იხ. დიაგრამა 2).

მწარმოებელთა საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი, ჰა
დიაგრამა 2.

გამოკითხვის პროცესში, თვითშეფასების გზით, 1-დან 5-მდე სკალით განისაზღვრა ადგილობრივ მწარმოებელთა მიერ ციფრული უნარების ფლობის დონე. კითხვაში იგულისხმებოდა საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით: ინტერნეტით სარგებლობა, კომპიუტერის მოხმარება, ელკომერცია, ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი პროგრამების დახმარებით, ელექტონული გადახდების განხორციელება, წარმოების პროცესში მობილური აპლიკაციების გამოყენება და სხვა (იხ. დიაგრამა 3).

 

ციფრული უნარების ფლობის დონე მწარმოებელთა შეფასებით
დიაგრამა 3.

გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ, 97,4%, ციფრულ ტექნოლოგიების გამოყენებას აღიქვამს როგორც განვითარების ახალ შესაძლებლობას. თუმცა, მხოლოდ 87,4% აფიქსირებს მოსაზრებას, რომ სამოქმედო სტრატეგიაში გათვალისწინებული აქვთ ციფრულ სამყაროში ოპერირება.
პრაქტიკული სექცია მოიცავდა კითხვებს, რაც საჭიროებდა გამოცდილებაზე დაფუძნებულ პასუხებს. უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდი. აღმოჩნდა, რომ 3 და მეტი წლის მანძილზე ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს გამოკითხულთა 57,1%. აღსანიშნავია ისიც, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში, 1-დან 3 წლამდე პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო გამოკითხულთა 18,5%-მა. აღნიშნული მიმართულება სიახლეს წარმოადგენს მწარმოებელთა 24,5%-თვის.
კვლევაში ჩართულ მწარმოებელთაგან ელექტრონულ გაყიდვებს ახორციელებს 67%. ელექტრონული გაყიდვების წილი მთლიან გაყიდვებში მცირეა, კერძოდ 156 რესპონდენტი აღნიშნავს, რომ იგი ვარირებს 0-25%-ის შუალედში, 68 რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ელექტრონული გაყიდვების წილი მათ საქმიანობაში შეადგენს 25-50%-ს, 32 რესპონდენტისთვის ეს მაჩვენებელებია - 50-75%, 2 რესპონდენტისთვის - 75-100%.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიზნები განსხვავებულია. მწარმოებლები ძირითადად იყენებენ მობილურ ტელეფონსა და კომპიურეტს (97%). ხოლო, დრონებს, GPS-ებსა და ელექტრონულ სენსორებს იყენებს მხოლოდ 2,6%. ასევე, დაფიქსირდა რესპონდენტის ინდივიდუალური პასუხი, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიებთან ერთად იყენებს მეტეოსადგურსა და ინტერნეტით მართვად სარწყავ სისტემებს.
ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიები ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად (92,3%), ონლაინ ტრენინგებში მონაწილეობისა (36,9%), სამუშაო შეხვედრებისა (33,9%) და სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისათვის (იხ. დიაგრამა 4).

რესპონდენტთა მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიზნები

დასახელებული მიზნების მისაღწევად მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებს/სერვისებს, მათ შორისაა: Microsoft-ის პროგრამები (Word, Excel, PowerPoint, Outlook, Teams), სოციალური ქსელები (Facebook, YouTube, Instagram, Whatsapp, Messenger, LinkedIn, Viber, Telegram), ელექტრონული ფოსტა (Gmail, Yahoo), მობაილ ბანკები (BOG, Liberty), სახელმწიფო პროგრამები (My.gov.ge). მათ მიერ გამოყენებული აპლიკაციების/სერვისების პროვაიდერია საჯარო (54,2%) და კერძო სექტორი (45,8%). ამასთან, ციფრულ ტექნოლოლოგიებს რეგულარულად განაახლებს გამოკითხულთა 33%, ზოგჯერ განახლებას - 32,2%, იშვიათად - 31,3%, არასდროს - 3,4%.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციების გასაუმჯობესებლად თვითშემეცნების აქტივობას (ონალაინ პლატფორმები, ვებინარები, სემინარები, ვიდეო ლექციები) ხშირად მიმართავს გამოკითხულთა 31,3%, ხანდახან - 35,6%, იშვიათად - 28,3%, არასდროს - 4,7%).
შეფასებითი სექციით, უპირველეს ყოვლისა, დადგინდა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა. გამოკითხვებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აჩვენა, რომ ადგილი აქვს ე.წ. ,,ციფრულ განხეთქილებას“. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, დაახლოებით 53%, აღნიშნავს, რომ შეზღუდული წვდომა აქვს ინტერნეტზე (იხ. დიაგრამა 5)

 

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მწარმოებელთა შეფასებით

ინტერნეტზე წვდომის გარდა, მწარმოებლები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში ხვდებიან სხვა მნიშვნელოვან ბარიერებსაც, მათგან აღსანიშნავია: ფინანსური რესურსების შეზღუდულობა (39,5%), ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციული დეფიციტი (35,6%), ცოდნის/ციფრული უნარების ნაკლებობა (32,6%) და სხვა (იხ. დიაგრამა 6).

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას არსებული ბარიერები
დიაგრამა 6.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ცნობილია გამოკითხულთა 30%-თვის. აღსანიშნავია, რომ მათგან სახელმწიფო პროგრამებით არც ერთ რესპონდენტს არ უსარგებლია. შესაბამისად, რესპონდენტებმა ვერ დაასახელეს მათთვის ცნობილი სახელმწიფო პროგრამები.
კვლევაში მონაწილეთა მხრიდან შეფასდა სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, შეფასება ხდებოდა 1-დან 5-სკალამდე. უმრავლესობა (272 რესპონდენტი) აფიქსირებს პოზიციას, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში (იხ. დიაგრამა 7).

სახელმწიფოს როლი აგროსასურსათო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში
დიაგრამა 7.

მწარმოებელთა შეფასებით გამოიკვეთა აგროსასურსათო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტული საჭიროებები. უმრავლესობა აღნიშნავს საგანმანათლებლო ტრენინგების, სასწავლო კურსებისა და სემინარების სისტემური ორგანიზების აუცილებლობას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას (იხ. დიაგრამა 8).


აგროსასურსათო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებები
დიაგრამა 8

ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს გამოკითხულთა 62,2%, ამასთან, გაციფრულების პროცესს განიხილავენ აგროსასურსათო სექტორის განვითარების ახალ შესაძლებლობად და კითხვაზე - რა სარგებელს ელოდებიან ციფრული ტრანსფორმაციიდან, გამოკითხულთა 59,7% აღნიშნავს, რომ მიღებული სარგებელი იქნება სამუშაო პროცესების გამარტივება და/ან რესურსების დაზოგვა, 46,8%-ის აზრით, ეს გამოიწვევს პროდუქტიულობის გაზრდას, 44,6%-ს მიაჩნია, რომ ადგილი ექნება დანახარჯების შემცირებას, 39,1% თვლის, რომ სარგებელი იქნება წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ხარისხის გაუმჯობესება, 25,6%-ის აზრით, ადგილი ექნება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას (იხ. სქემა ).

აგროსასურსათო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციიდან მიღებული სარგებელი

 

დასკვნები და რეკომენდაციები

აგროსასურსათო სექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, განსაკუთრებით სურსათზე მოთხოვნის ზრდის, მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების, გლობალიზაციის, ურბანიზაციისა და სხვა ფაქტორების გავლენის გამო. ამ პირობებში ციფრული ტრანსფორმაცია კონკურენტუნარიანობის ზრდის, პროდუქტიულობის ამაღლებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობაა. თუმცა, გაციფრულების პროცესის განხორციელება რთულია სექტორისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო. კვლევით გამოვლინდა, რომ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 2,6% იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
რაოდენობრივი კვლევით გამოვლინდა აგროსასურსათო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგი ბარიერები: ინტერნეტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მწირი ფინანსური რესურსები, ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციული დეფიციტი, ცოდნის/ციფრული უნარების ნაკლებობა და სხვა. ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტული საჭიროებებია: საგანმანათლებლო ტრენინგების, სასწავლო კურსებისა და სემინარების სისტემური მიწოდება, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტირება ციფრული პლატფორმების შესაქმნელად, სახელმწიფოს როლის გაზრდა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაში, კვლევების დაფინანსება და სხვა.
ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს გამოკითხულთა 62,2%, ამრიგად, ციფრული ტრანსფორმაცია აგროსასურსათო სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობაა. რასაც ადასტურებს ამ პროცესიდან მიღებული სარგებელიც: სამუშაო პროცესების გამარტივება და/ან რესურსების დაზოგვა, პროდუქტიულობის გაზრდა, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ხარისხის გაუმჯობესება, დანახარჯების, ასევე, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.

ლიტერატურა:

• სამჭკუაშვილი ნ. (2020). „ციფრული ეკონომიკა: პრობლემები და პერსპექტივები“. https://shorturl.at/ruPQ7
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2023). სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრი - ეკონომიკური სუბიექტების ჩამონათვალი. https://shorturl.at/zV012
• ხარაიშვილი ე., ლობჟანიძე ნ. (2022). „აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა: გამოწვევები და შესაძლებლობები COVID-19 პანდემიის პირობებში“. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,COVID 19 პანდემია და ეკონომიკა“. SBN 978-9941-491-70-2 (pdf). გვ. 423-435. თბილისი. https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202022/2022---%20konferencia.pdf
• ხარაიშვილი ე., ნაცვლიშვილი ი. (2019). „ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ბაზრები და ექსპორტის მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა“. გლობალიზაცია და ბიზნესი, N8. https://www.eugb.ge/uploads/content/N8/Eter-Kharaishvili.pdf
• ჯოლია გ. (2021). „განათლება და დასაქმება ციფრულ გარემოში“. https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1665
• ABANMAI O. (2022). ‘The Importance of Going Digital for SMEs’. https://www.smefinanceforum.org/post/the-importance-of-going-digital-for-smes
• Ancín M., Pindado E., S´anchez M. (2022). ‘New trends in the global digital transformation process of the agri-food sector: An exploratory study based on Twitter’. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0308521X22001561
• Blok V. & Gremmen B. (2018). ‘Agricultural Technologies as Living Machines: Toward a Biomimetic Conceptualization of Smart Farming Technology’. https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/21550085.2018.1509491
• Chen Y.-Y.K., Jaw Y.-L., Wu B.-L. (2016). ‘Effect of digital transformation on organisational performance of SMEs’. https://www.researchgate.net/publication/291361085_Effect_of_digital_transformation_on_organisational_performance_of_SMEs
• Demiryurek K., Köksal O., Kawamorita H. (2021). ‘Acceleration of Digital Transformation in Agriculture Sector for Ensuring Sustainable Food Security (in TÜRKİYE)’. https://www.researchgate.net/publication/358301789_ACCELERATION_OF_DIGITAL_TRANSFORMATION_IN_AGRICULTURE_SECTOR_FOR_ENSURING_SUSTAINABLE_FOOD_SECURITY_IN_TURKIYE
• EFAA (2021). მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების მომავალი: ციფრული ტრანსფორმაცია. https://www.saras.gov.ge/Content/files/20210218-SMPWebinar_March4_Geo.pdf
• European Union (2018). ‘EU businesses go digital: Opportunities, outcomes and uptake’. https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/683fe365-408b-11e9-8d04-01aa75ed71a1
• Food and Agriculture Organization of the United Nations (2017). ‘The future of food and agriculture: Trends and challenges’. https://www.fao.org/3/i6583e/i6583e.pdf
• Gondchawar N. & Kawitkar B. (2016). ‘IoT based Smart Agriculture’. https://shorturl.at/uUWZ0
• Hardi K. V., Legowo N. (2023). ‘Enterprise Architecture: Enabling Digital Transformation for Operational Business Process during COVID-19’. https://hightechjournal.org/index.php/HIJ/article/view/294
• Hasiholan Tobing R. D., Ratnayake R. M. C., Togar Simatupang T., Liane Okdinawati L., Mulyono N. B. (2023). ‘On the Necessity for Digital Transformation in Agriculture Supply Chains: A Review from Task, Organization, Behavior, and Application Perspectives’. https://www.researchgate.net/publication/368256374_On_the_Necessity_for_Digital_Transformation_in_Agriculture_Supply_Chains_A_Review_from_Task_Organization_Behavior_and_Application_Perspectives
• John Wiley & Sons (1977). Copyright William G. Cochran (1963), ‘Sampling Techniques third edition’, pg.90. https://ia601409.us.archive.org/35/items/Cochran1977SamplingTechniques_201703/Cochran_1977_Sampling%20Techniques.pdf
• Khanna M. (2020). ‘Digital Transformation of the Agricultural Sector: Pathways, Drivers and Policy Implications’. https://www.researchgate.net/publication/346316399_Digital_Transformation_of_the_Agricultural_Sector_Pathways_Drivers_and_Policy_Implications
• Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M., Natsvlishvili I. (2021). ‘Shipping policy of agri-food products and the formation of food markets in Georgia.’ https://doi.org/10.1051/matecconf/202133901001
• Kharaishvili E. & Lobzhanidze N. (2022). ‘Preliminary Impacts of the Covid-19 Pandemic on Agri-Food Trade: Challenges and Development Scenarios (Case of Georgia)’. Globalization and Business. 13, pp. 41-50. https://doi.org/10.35945/gb.2022.13.006
• Kharaishvili E. & Lobzhanidze N. (2023). ‘Challenges and Opportunities for Promoting Sustainable Development in Small and Medium-Sized Enterprises (Case of Georgia)’. Medicon Agriculture & Environmental Sciences, Volume 4 Issue 5 May 2023
• Kırkaya A. (2020). ‘Smart Farming- Precision Agriculture Technologies and Practices’. https://www.researchgate.net/publication/341407755_SMART_FARMING-PRECISION_AGRICULTURE_TECHNOLOGIES_AND_PRACTICES
• Lyytinen K., Yoo Y., R.J. Boland Jr. (2015). ‘Digital product innovation within four classes of innovation networks’. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/isj.12093
• Martens K., Zscheischler J. (2022). ‘The Digital Transformation of the Agricultural Value Chain: Discourses on Opportunities, Challenges and Controversial Perspectives on Governance Approaches’. https://publications.zalf.de/publications/5d83e06e-15d2-4de8-a44d-fa35ca1f661b.pdf
• McKinsey&Company (2018). ‘The Internet of Things: How to capture the value of IoT’. https://shorturl.at/axBMS
• Mujianto M., Hartoyo H., Nurmalina R., Yusuf E. Z. (2023). ‘The Unraveling Loyalty Model of Traditional Retail to Suppliers for Business Sustainability in the Digital Transformation Era: Insight from MSMEs in Indonesia’. https://www.scopus.com/record/display.uri?eid=2-s2.0-85147859849&origin=resultslist
• OECD (2021). ‘The Digital Transformation of SMEs’. https://www.oecd.org/industry/smes/PH-SME-Digitalisation-final.pdf
• Pearson Education Limited (2014). ‘Pearson New International Edition Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches W. Lawrence Neuman Seventh Edition’. https://letrunghieutvu.yolasite.com/resources/w-lawrence-neuman-social-research-methods_-qualitative-and-quantitative-approaches-pearson-education-limited-2013.pdf
• Rodrigues M., Franco M., Sousa N., Silva R. (2021). ‘COVID 19 and the business management crisis: an empirical study in SMEs’. https://www.mdpi.com/2071-1050/13/11/5912
• Rose D. CH. & Chilvers J. (2018). ‘Agriculture 4.0: Broadening Responsible Innovation in an Era of Smart Farming’. https://www.frontiersin.org/articles/10.3389/fsufs.2018.00087/full
• Satpathy B. (2022). ‘Digital transformation for sustainable agriculture: a progressive method for smallholder farmers’. https://www.currentscience.ac.in/Volumes/123/12/1436.pdf
• Smart Agriculture Market (2023). ‘Smart Agriculture Market by Offering (Hardware, Software, Services), Agriculture Type, Farm Size (Large, Medium, Small), Application (Precision Farming, Livestock Monitoring) and Region (America, Europe, Asia Pacific, Row) – Global Forecast to 2028’. Retrieved from - https://shorturl.at/iFOPZ
• Trendov N., Varas S., Zeng M. (2018). ‘Digital echnologies in Agriculture and Rural Areas Status Report’. - https://www.researchgate.net/publication/344041500_DIGITAL_TECHNOLOGIES_IN_AGRICULTURE_AND_RURAL_AREAS_STATUS_REPORT
• Varda AG (2023). ‘Three ways digitalization is reshaping agriculture’. https://shorturl.at/ekpDH
• Whyatt T. (2022). ‘Why SMEs Should Go Big on Their Digital Offering’. https://www.one-beyond.com/why-smes-should-go-big-on-their-digital offering/#:~:text=Why%20should%20SMEs%20go%20digital,if%20you%20do%20it%20well
• World Economic Forum (2022). ‘The digital divide: Why SMEs must cross borders’. https://www.weforum.org/agenda/2022/08/smes-small-medium-business-cross-border-enterprise/
• Zhang A., Heath R., McRobert K., Llewellyn R., Sanderson J., Wiseman L., Rainbow R. (2021). ‘Who will benefit from big data? Farmers’ perspective on willingness toPerspective share farm data’. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0743016721002308#:~:text=The%20results%20show%20that%20only,share%20data%20was%20mostly%20positive


References:

• Samchkuashvili N. (2020). "tsipruli ekonomika: problemebi da perspektivebi". ["The Digital Economy: Problems and Prospects".] in Georgian https://shorturl.at/ruPQ7
• Geostat (2023). statistikuri sametsarmeo reestri - ekonomikuri subiektebis chamonatvali. [Statistical Business Register - List of Economic Subjects.] in Georgian https://shorturl.at/zV012
• Kharaishvili E., Lobzhanidze N. (2022). "agrosasursato produqtebit vachroba: gamotsvevebi da shesadzleblobebi COVID-19 pandemiis pirobebshi". ["Agri-food Trade: Challenges and Opportunities in the Face of the COVID-19 Pandemic". International Scientific Conference Dedicated to the 100th Anniversary of the University: "The COVID 19 pandemic and the Economy". pp.423-435. Tbilisi.] in Georgian https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202022/2022---%20konferencia.pdf
• Kharaishvili E., Natsvlishvili I. (2019). „sakartvelos agrosasursato bazrebi da eksportis mastimulirebeli ekonomikuri politika“. ["Georgian Agro-food Markets and Export Stimulating Economic Policy". Globalization and Business, N8.] in Georgian https://www.eugb.ge/uploads/content/N8/Eter-Kharaishvili.pdf
• Jolia G. (2021). „ganatleba da dasakmeba tsiprul garemoshi“. [ "Education and Employment in the Digital Environment".] in Georgian https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1665
• ABANMAI O. (2022). ‘The Importance of Going Digital for SMEs’. https://www.smefinanceforum.org/post/the-importance-of-going-digital-for-smes
• Ancín M., Pindado E., S´anchez M. (2022). ‘New trends in the global digital transformation process of the agri-food sector: An exploratory study based on Twitter’. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0308521X22001561
• Blok V. & Gremmen B. (2018). ‘Agricultural Technologies as Living Machines: Toward a Biomimetic Conceptualization of Smart Farming Technology’. https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/21550085.2018.1509491
• Chen Y.-Y.K., Jaw Y.-L., Wu B.-L. (2016). ‘Effect of digital transformation on organisational performance of SMEs’. https://www.researchgate.net/publication/291361085_Effect_of_digital_transformation_on_organisational_performance_of_SMEs
• Demiryurek K., Köksal O., Kawamorita H. (2021). ‘Acceleration of Digital Transformation in Agriculture Sector for Ensuring Sustainable Food Security (in TÜRKİYE)’. https://www.researchgate.net/publication/358301789_ACCELERATION_OF_DIGITAL_TRANSFORMATION_IN_AGRICULTURE_SECTOR_FOR_ENSURING_SUSTAINABLE_FOOD_SECURITY_IN_TURKIYE
• EFAA (2021). mtsire da sashualo praktikis mkone pirmebis momavali: tsipruli transpormatsia. [The Future of Small and Medium-Sized Practice Firms: Digital Transformation.] in georgian https://www.saras.gov.ge/Content/files/20210218-SMPWebinar_March4_Geo.pdf
• European Union (2018). ‘EU businesses go digital: Opportunities, outcomes and uptake’. https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/683fe365-408b-11e9-8d04-01aa75ed71a1
• Food and Agriculture Organization of the United Nations (2017). ‘The future of food and agriculture: Trends and challenges’. https://www.fao.org/3/i6583e/i6583e.pdf
• Gondchawar N. & Kawitkar B. (2016). ‘IoT based Smart Agriculture’. https://shorturl.at/uUWZ0
• Hardi K. V., Legowo N. (2023). ‘Enterprise Architecture: Enabling Digital Transformation for Operational Business Process during COVID-19’. https://hightechjournal.org/index.php/HIJ/article/view/294
• Hasiholan Tobing R. D., Ratnayake R. M. C., Togar Simatupang T., Liane Okdinawati L., Mulyono N. B. (2023). ‘On the Necessity for Digital Transformation in Agriculture Supply Chains: A Review from Task, Organization, Behavior, and Application Perspectives’. https://www.researchgate.net/publication/368256374_On_the_Necessity_for_Digital_Transformation_in_Agriculture_Supply_Chains_A_Review_from_Task_Organization_Behavior_and_Application_Perspectives
• John Wiley & Sons (1977). Copyright William G. Cochran (1963), ‘Sampling Techniques third edition’, pg.90. https://ia601409.us.archive.org/35/items/Cochran1977SamplingTechniques_201703/Cochran_1977_Sampling%20Techniques.pdf
• Khanna M. (2020). ‘Digital Transformation of the Agricultural Sector: Pathways, Drivers and Policy Implications’. https://www.researchgate.net/publication/346316399_Digital_Transformation_of_the_Agricultural_Sector_Pathways_Drivers_and_Policy_Implications
• Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M., Natsvlishvili I. (2021). ‘Shipping policy of agri-food products and the formation of food markets in Georgia.’ https://doi.org/10.1051/matecconf/202133901001
• Kharaishvili E. & Lobzhanidze N. (2022). ‘Preliminary Impacts of the Covid-19 Pandemic on Agri-Food Trade: Challenges and Development Scenarios (Case of Georgia)’. Globalization and Business. 13, pp. 41-50. https://doi.org/10.35945/gb.2022.13.006
• Kharaishvili E. & Lobzhanidze N. (2023). ‘Challenges and Opportunities for Promoting Sustainable Development in Small and Medium-Sized Enterprises (Case of Georgia)’. Medicon Agriculture & Environmental Sciences, Volume 4 Issue 5 May 2023
• Kırkaya A. (2020). ‘Smart Farming- Precision Agriculture Technologies and Practices’. https://www.researchgate.net/publication/341407755_SMART_FARMING-PRECISION_AGRICULTURE_TECHNOLOGIES_AND_PRACTICES
• Lyytinen K., Yoo Y., R.J. Boland Jr. (2015). ‘Digital product innovation within four classes of innovation networks’. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/isj.12093
• Martens K., Zscheischler J. (2022). ‘The Digital Transformation of the Agricultural Value Chain: Discourses on Opportunities, Challenges and Controversial Perspectives on Governance Approaches’. https://publications.zalf.de/publications/5d83e06e-15d2-4de8-a44d-fa35ca1f661b.pdf
• McKinsey&Company (2018). ‘The Internet of Things: How to capture the value of IoT’. https://shorturl.at/axBMS
• Mujianto M., Hartoyo H., Nurmalina R., Yusuf E. Z. (2023). ‘The Unraveling Loyalty Model of Traditional Retail to Suppliers for Business Sustainability in the Digital Transformation Era: Insight from MSMEs in Indonesia’. https://www.scopus.com/record/display.uri?eid=2-s2.0-85147859849&origin=resultslist
• OECD (2021). ‘The Digital Transformation of SMEs’. https://www.oecd.org/industry/smes/PH-SME-Digitalisation-final.pdf
• Pearson Education Limited (2014). ‘Pearson New International Edition Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches W. Lawrence Neuman Seventh Edition’. https://letrunghieutvu.yolasite.com/resources/w-lawrence-neuman-social-research-methods_-qualitative-and-quantitative-approaches-pearson-education-limited-2013.pdf
• Rodrigues M., Franco M., Sousa N., Silva R. (2021). ‘COVID 19 and the business management crisis: an empirical study in SMEs’. https://www.mdpi.com/2071-1050/13/11/5912
• Rose D. CH. & Chilvers J. (2018). ‘Agriculture 4.0: Broadening Responsible Innovation in an Era of Smart Farming’. https://www.frontiersin.org/articles/10.3389/fsufs.2018.00087/full
• Satpathy B. (2022). ‘Digital transformation for sustainable agriculture: a progressive method for smallholder farmers’. https://www.currentscience.ac.in/Volumes/123/12/1436.pdf
• Smart Agriculture Market (2023). ‘Smart Agriculture Market by Offering (Hardware, Software, Services), Agriculture Type, Farm Size (Large, Medium, Small), Application (Precision Farming, Livestock Monitoring) and Region (America, Europe, Asia Pacific, Row) – Global Forecast to 2028’. Retrieved from - https://shorturl.at/iFOPZ
• Trendov N., Varas S., Zeng M. (2018). ‘Digital echnologies in Agriculture and Rural Areas Status Report’. - https://www.researchgate.net/publication/344041500_DIGITAL_TECHNOLOGIES_IN_AGRICULTURE_AND_RURAL_AREAS_STATUS_REPORT
• Varda AG (2023). ‘Three ways digitalization is reshaping agriculture’. https://shorturl.at/ekpDH
• Whyatt T. (2022). ‘Why SMEs Should Go Big on Their Digital Offering’. https://www.one-beyond.com/why-smes-should-go-big-on-their-digital offering/#:~:text=Why%20should%20SMEs%20go%20digital,if%20you%20do%20it%20well
• World Economic Forum (2022). ‘The digital divide: Why SMEs must cross borders’. https://www.weforum.org/agenda/2022/08/smes-small-medium-business-cross-border-enterprise/
• Zhang A., Heath R., McRobert K., Llewellyn R., Sanderson J., Wiseman L., Rainbow R. (2021). ‘Who will benefit from big data? Farmers’ perspective on willingness toPerspective share farm data’. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0743016721002308#:~:text=The%20results%20show%20that%20only,share%20data%20was%20mostly%20positive

Keywords: Digital transformation, digitization trend, agri-food sector, development prospects for digitization.
JEL Codes: O13, Q10, Q13, Q18